თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თბილისში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, ბავშვებისათვის სტიქიური უბედურების დროს მიღებული სტრესისი მოხსნის მიზნით, ოდესის ტერიტორიაზე დასასვენებას სთავაზობს.
„ჩვენ ძალზე განვიცდით თბილისში მომხდარ ამბავს და ბევრი ვიფიქრეთ თუ რით შეგვეძლო დახმარების აღმოჩენა. ადგილობრივი ბიზნესმენების ჯგუფთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან ბავშვები მთელი ზაფხულის განმავლობაში ოდესაში ჩამოვიყვანოთ დასასვენებლად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 19 ივნისს.
თბილისში 14 ივნისის ღამეს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაიტბორა და განადგურდა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ თამაზაშვილის უპატრონო ძაღლთა თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ცენტრალური ქუჩები, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. არსებული მონაცემებით, სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 3 კი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.