თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრა ივლისის შუა რიცხვებში გაიმართება, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ჩვენ გადავწყვიტეთ (შეხვედრა) ივლისამდე გადაგვედო. სავარაუდოდ, ეს ივლისის შუა რიცხვები იქნება. ჩვენ შევთანხმდით, საუბარში ჩავრთოთ ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლები. ამჯერად, მეტად სავარაუდოა, რომ ჩვენი მხრიდან ეს ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები იქნებიან, ვინაიდან ძალიან ბევრი სატრანსპორტო საკითხი დაგროვდა ავიამიმოსვლასა თუ სახმელეთო გადაადგილების საკითხებში“, – განაცხადა კარასინმა.
მისი თქმით, ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი.
დიპლომატმა ასევე არ გამორიცხა, რომ აბაშიძესთან შეხვედრისას აფხაზეთის რკინიგზის საკითხის შესახებაც მოხდეს საუბარი.
„რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, აქ ჩვენ არ გვაქვს აკრძალული თემები. ამიტომ ეს საკითხიც განიხილება. თუმცა ამ საკითხით მესამე მხარეცაა დაინტერესებული და ამიტომ მეტად სკურპულოზულები უნდა ვიყოთ. ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ასე თუ ისე შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ჩვენ ივლისის პირველ რიცხვებში ვიმსჯელებთ ჟენევაში“, – დაამატა დიპლომატმა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ შეწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საზიანოდ.
ამ დროისთვის დიალოგი რუსეთსა და საქართველოს შორის ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფონზე ნარჩუნდება. შეხვედრების ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მათზე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განახლების, სატრანსპორტო მიმოსვლის, კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები წყდება.