თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. თბილისში შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (Black Sea Trade & Development Bank — BSTDB) ყოველწლიური შეხვედრა მიმდინარეობს. მის ფარგლებში გაიმართება დირექტორების და მმართველების საბჭოს სხდომები, ასევე რეგიონული ბიზნეს-ფორუმი.
”ის, რომ ეს ღონისძიება სწორედ საქართველოში იმართება, მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ბანკისთვის, რადგან სწორედ აქ, თბილისში, 1994 წელს 11-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) სადამფუძნებლო შეთანხმებას”, — განაცხადა პარასკევს, 19 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღონისძიების გახსნაზე.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია, ”ბიზნესის ხელშეწყობისა და კერძო სექტორის გაფართოების გზით ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და ცხოვრების დონის ამაღლებას".
"ბანკი, რომლის ძირითადი მიზანია დაეხმაროს წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, მისი საქმიანობის დაწყებიდან წარმატებულად ფუნქციონირებს და მან უკვე მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა წევრ ქვეყნებში. მათ შორის არის საქართველოც. ბანკის საკრედიტო ხაზებით სარგებლობენ საქართველოში არსებული ფინანსური ინსტიტუტები, კერძოდ, ბანკს გაფორმებული აქვს 123 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების 24 პროექტი, მათ შორის 11 მიმდინარეა და მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით 65 მილიონ ევროს შეადგენს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ბანკთან თანამშრომლობას”, — განაცხადა პრემიერმა.
BSTDB-მ 2015-2018 წლებში საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც მთავრობის პროგრამების და პრიორიტეტების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ბანკი საქონლის და მომსახურეობის, ინფრასტრუქტურის, მათ შორის ენერგოეფექტურობის განვითარების ექსპორტის მხარდაჭერას განახორციელებს. ბანკმა ასევე გაითვალისწინა მცირე და საშუალო ბიზნესის და ვაჭრობის დაფინანსება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ 11 ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირები, შავი ზღვის რეგიონის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რეგიონში ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი ექსპერტები და რეგიონის ბიზნესში ლიდერი კომპანიების წარმომადგენლები.