თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ევროპის ოლიმპიური ფესტივალის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ ჯოზეფ ლიბამ (Josef Liba) თბილისში ოლიმპიური ობიექტები დაათვალიერა და განაცხადა, რომ საქართველოს დედქალაქი ევროპული ახლაგაზრდული ფესტივალის მასპინძლობისთვის მზადაა, იუწყება პარასკევს, 19 ივნისს მთავრობის პრეს-სამსახური.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარასკევს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარეს, ჯოზეფ ლიბას და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების მენეჯერს, კატერინა ნიცოვას (Katerina Nycova) შეხვდა. შეხვედრაზე ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
”საკოორდინაციო კომისიის წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურთან ერთად შეაფასეს ოლიმპიურ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოები. აღინიშნა, რომ სტიქიის შედეგად შექმნილი კრიზისული სიტუაციის მიუხედავად, ოლიმპიურ ობიექტებზე სამუშაოები არ შეფერხებულა”, — აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ჩატარდება. ”თბილისი 2015” ოფიციალურად 26 ივლისს გაიხსნება და 1 აგვისტომდე გასტანს. მასში 50 ქვეყნის 4000 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა შესული — ძიუდო, ცურვა, ჩოგბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ველოსპორტი, ტანვარჯიში, კალათბურთი და მძლეოსნობა.