თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ქალაქ ჩარლსტონში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დილან სტორმ რუფი ჩრდილოეთ კაროლინიდან სამხრეთ კაროლინაში ბადრაგის თანხლებით გადაჰყავთ. რუფი ჩრდილოეთ კაროლინაში დააკავეს, მაგრამ სამხრეთ კაროლინაში გაასამართლებენ, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ CNN–ზე დაყრდნობით.
აშშ–ში მოქმედებს ერთი შტატიდან მეორეში ექსტრადიციის პროცედურა. იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულში ეჭვმიტანილი წინააღმდეგია, ექსტრადიციას შესაძლოა ბევრი დრო დასჭირდეს ან საერთოდაც არ გამოვიდეს. თუმცა, რუფს არ გაუპროტესტებია სამხრეთ კაროლინაში ექსტრადირება, რაც ამ კუთხით ყოველგვარ პრობლემას ხსნის.
რუფს ქალაქ ჩარლსტონის უძველეს აფროამერიკულ ეკლესიაში 9 ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად. შემთხვევა ოთხშაბათს მოხდა, რუფი კი უკვე ხუთშაბათს დააკავეს დანაშაულის ადგილიდან 300 კილომეტრის დაშორებით. აშშ–ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რუფმა დანაშაული რასობრივი სიძულვილის ნიადაგზე ჩაიდინა.