წყალდიდობის შედეგად დაკარგული სამი ადამიანის ბედი კვლავ უცნობია

გამოწერა
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაიცვალა 19, ხოლო უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი, განაცხადა კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. წყალდიდობის შემდეგ სამი ადამიანის ბედი კვლავაც გაურკვეველი რჩება, განაცხადა კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები და ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. წყალდიდობის შედეგად, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 19, ხოლო  უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი. 

„ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულია 19 და უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი, 12 საათისთვის სხვადასხვა კლინიკაში 6 პაციენტი რჩება“, — განაცხადა კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ  ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ამ დროისთვის თბილისის ქუჩებში ნაპოვნი არ არის ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველები. 

„დაკარგული ცხოველების შესახებ მერიისა და შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქში ჯერჯერობით არც ერთი მტაცებელი ცხოველი ნაპოვნი არ არის.  ზოოპარკის ტერიტორიაზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, რომელიც ადგილზე ახდენს ჩასატარებელი სამუშაოების შეფასებას. მოხალისეთა შეშვება სტიქიით დაზარალებულ უბნებში გარკვეული შეზღუდვებით ხორციელდება. მათ აუცილებლად უნდა ეცვათ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი“, — თქვა ღიბრაძემ. 

 


ყველა ახალი ამბავი
0