თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ოთხშაბათს, 17 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ბაქოში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მშვილდიდან სროლაში ხათუნა ნარიმანიძისა და ლაშა ფხაკაძის დუეტმა ფინალში დაძაბული ბრძოლა წააგო იტალიურ წყვილთან — ნატალია ვალეევასა და მაურო ნესპოლისთან 3:5. ბრინჯაოს მედლები უკრაინულ წყვილს ხვდა წილად.
თავისუფალ ჭიდაობაში 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი ჯუმბერ ყველაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ორთაბრძოლა ბელორუს ალი შაბანოვს მოუგო.
97 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალში ელიზბარ ოდიკაძეს აზერბაიჯანელ ხეთაგ გაზიუმოვთან მოუწია შერკინება და ორთაბრძოლა 1:3 წააგო. შედეგად ოდიკაძემ ევროპული თამაშების ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებში საქართველოდან 104 სპორტსმენი სპორტის 13 სახეობასა და 17 დისციპლინაში იღებს მონაწილეობას. ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს მსუბუქ ათლეტიკას – 37 სპორტსმენი. პირველი მედლები სპორტის ამ სახეობაში 21 ივნისს გათამაშდება.