თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ბაქოში, ევროპული თამაშების მსვლელობისას, ბელორუსმა და ქართველმა მოჭიდავემ ორთაბრძოლისას იჩხუბეს, რაც მათი დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" იტყობინება.
ინციდენტი თავისუფალ ჭიდაობაში, 57 კგ.მდე წონით კატეგორიაში, მეოთხედფინალური ორთაბრძოლის დროს მოხდა. ბელორუსი ვლადისლავ ანდრეევი 2:1 იგებდა შეჯიბრს ქართველ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან, როდესაც ამ უკანასკნელმა მას სილა გაარტყა. მას შემდეგ, რაც ბელორუსმა სპორტსმენმა ქართველს ანალოგიურად უპასუხა, მხარეებს შორის ხელჩართული ბრძოლა დაიწყო და მსაჯებს მათი გაშველება მოუხდათ.
ჩხუბის გამო ორთაბრძოლა შეწყდა და ორივე სპორტსმენი მოიხსნა შეჯიბრებიდან. მსაჯების გადაწყვეტილებით, ორივე მოჭიდავე დისკვალიფიცირებულია და ტექნიკური დამარცხება ჩაეთვალათ (0:4).
ამ წონითი კატეგორიის ფინალში ოქროს მედლისათვის რუსი ვიქტორ ლებედევი და გერმანელი მარსელ ევალდი იბრძოლებენ.