თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე თბილისის ცენტრში ადამიანის დაღუპვაში საკუთარ თავს ადანაშაულებს, რადგან მანამდე აცნობა სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ქალაქის ქუჩებში მტაცებელი ცხოველები აღარ დარჩა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ "სამსახურებრივი გულგრილობის" ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც წყალდიდობისას ზოოპარკიდან გამოქცეულმა ვეფხვმა ოთხშაბათს, 17 ივნისს, თბილისის ცენტრში მოქალაქე დაგლიჯა. მტაცებლის ლიკვიდაციის სპეცოპერაცია ზოოპარკის მახლობლად, „ლაგუნა ვერეს“ საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. მედიის ვარაუდით, ვეფხვი მთელი ეს დრო აბრეშუმის ფაბრიკის საწყობში იმალებოდა.
„გუშინ არსებული ინფორმაციით, ეს საფრთხე არ უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, შსს-ს თანამშრომლები მაინც პატრულირებდნენ პერიმეტრზე, მაგრამ შენობებში არ უძებნიათ. მე ვაცნობიერებ, რომ სახელმწიფო უწყებებმა გაავრცელეს ინფორმაცია ჩემს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ჩემი ინფორმაციის შემდეგ მათ ჩათვალეს რომ საშიშროება უკვე აღარ იყო. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. სიტუაცია ყოველ წუთას იცვლებოდა. ბევრი ინფორმაცია შემოდიოდა სხვადასხვა წყაროდან“, – განაცხადა გურიელიძემ პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ.
ორშაბათს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველები თბილისის ქუჩებში უკვე აღარ იყვნენ. მეორე დღეს კი ზოოპარკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ეძებს ორ დათვს, ვეფხვსა და აფთარს.