თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 14 ივნისს თბილისში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვისა და დაკარგვის საქმეს იძიებს.
”შსს-მ სტიქიის შედეგად გარდაცვლილ და დაკარგულ პირებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) დაიწყო”, — აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ ოთხშაბათს, 17 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე თბილისის პროკურატურამ განაცხადა, რომ მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევების გამოძიებას შეუდგა.
თბილისში წყალდიდობის შედეგად დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში განთავსებული ზოოპარკი, ”მზიურის” პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის უპატრონო ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი, ექვსი – უგზოუკვლად დაკარგულად ითვლება.