თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ განაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის სულეიმან დემირელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახელმწიფოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” გაზეთ Hurriyet Daily News-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სულეიმან დემირელი 91 წლის ასაკში ანკარის ერთ-ერთ საავადმყოფოში ოთხშაბათს გარდაიცვალა. სააგენტო Anadolu-ს მონაცემებით, სახელმწიფოს ყოფილი ლიდერის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.
ოთხშაბათს, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას დავითოღლუმ განაცხადა, რომ პოლიტიკური მოღვაწის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 17 ივნისს თურქეთმა სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პრემიერ-მინისტრმა დემირელის ახლობლებსა და თურქ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადეს. ”სულეიმან დემირელმა თურქეთის პოლიტიკურ ისტორიაში ღრმა კვალი დატოვა და ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეუწყო ხელი. ის ჩვენს პოლიტიკურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა”, — აღნიშნულია განცხადებაში.
დემირელი 1924 წლის 1 ნოემბერს დაიბადა. ის თურქეთის ”სამართლიანობის პარტიის” ერთ-ერთი დამფუძნებელია,1993-2000 წლებში სახელმწიფოს მეთაურის პოსტი ეკავა, ასევე ხუთჯერ იყო თურქეთის პრემიერ-მინისტრი. დემირელს 19 ივნისს ანკარაში დაკრძალავენ.