წყალდიდობისგან დაზარალებულებს საბანკო ვალდებულებების გადახდაში დაეხმარებიან

© https://www.facebook.com/nbg.gov.geეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული შუამავლობა და თხოვნა კომერციულ ბანკებთან არ დაგვჭირდება, რათა ამ ოჯახებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს საბანკო ვალდებულებების გადახდაში დაეხმარება. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ქადაგიძემ თავისი და ეროვნული ბანკის თანამშრომელთა სახელით მიუსამძიმრა 14 ივნისის ღამეს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ნათესავებს.

 „მინდა მივმართო დაზარალებულთა ოჯახებს, ვიცით რომ მათ გააჩნიათ სხვადასხვა ტიპის ვალდებულებები, საბანკო კრედიტები. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ პროცესის აღწერა, ბანკის თანამშრომლები მივლენ თითოეულ ოჯახში და რა თქმა უნდა, ბოლომდე დავეხმარებით მათ ამ ვალდებულებების გასტუმრებაში,“ – განაცხადა ქადაგიძემ. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით,  „ეს არ არის ყველაზე სასწრაფო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათი გადაუდებელი საჭიროებები იქნება დაკმაყოფილებული, ჩვენ ამ პროცესსაც მივხედავთ და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული შუამავლობა და თხოვნა კომერციულ ბანკებთან არ დაგვჭირდება, რათა ამ ოჯახებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ. ამ საკითხს ჩვენ მომდევნო დღეებში დავარეგულირებთ“.

ამასთან, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა იქნება შესწავლილი. 

 „რიგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს იქნება გადავადება. საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს არც ჯარიმებზე და არც პროცენტებზე, რიგ შემთხვევაში შეიძლება კიდევ უფრო მასშტაბური მხარდაჭერა იყოს. არ მინდა რომ მოვლენებს გავუსწრო, ამ ეტაპზე ჩვენ აღვრიცხავთ ყველა ამ ვალდებულებას“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

 დამანგერველი წყალდიდობა  თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები — ზოოპარკი, პარკი „მზიური“, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. 

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 19 —ს მიაღწია. მათგან 17 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა.

ყველა ახალი ამბავი
0