თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს, 16 ივნისს, წყნეთის სამთავრობო აგარაკზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა. ამის შესახებ მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური იუწყება.
"ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას, რათა ეს რამდენიმე კვირა შედარებით მსუბუქად გადაიტანონ. სურათი ყოველდღე იცვლება და ზარალის ოდენობამ, შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულნი სამთავრობო აგარაკებზე მანამდე დარჩებიან, სანამ მათი სახლები არ იქნება აღდგენილი. კერძოდ, ეს არის სოფელ ახალდაბის მკვიდრი სამი ოჯახი.
„ზარალი საკმაოდ სოლიდურია, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დონორებთან და იმედი გვაქვს, ისინი დაგვეხმარებიან ამ პრობლემების დაძლევაში. ჩვენ მათ წარვუდგენთ კონკრეტულ პროექტებს პირველადი საჭიროებების შესახებ და ყველაფერს მაქსიმალურად მოკლე დროში მოვაგვარებთ",- განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, პრემიერ–მინისტრმა მოინახულა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე სვანიძის ქუჩის მცხოვრებნი.
დამანგერველი წყალდიდობა თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები — ზოოპარკი, პარკი „მზიური“, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.