თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ვერეს ხეობიდან ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოჰყავთ, სადაც წყალდიდობის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არსებობს, განაცხადა სამშაბათს, 16 ივნისს საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის ეთერში.
თბილისში, სამშაბათს ხანმოკლე წვიმა და ქარიშხალია მოსალოდნელი. წვიმამ, შესაძლოა, მდინარე ვერეს წყლის დონის აწევა გამოიწვიოს. უსაფრთხოების მიზნით, სამუშაოების ზონებიდან — სვანიძის ქუჩიდან, ”მზიურის” და თბილისის ზოოპარკის ტერიტორიიდან ადამიანების გამოყვანა დაიწყო.
”მივიღეთ სინოპტიკოსების ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია ნალექი, არა იმ დოზით, რაც ორი დღის წინ იყო. უბრალოდ, პრევენციის მიზნით, შევაჩერეთ სამუშაოები, რამაც ქაოტური ფორმა მიიღო. შეიქმნა პანიკა. ამის საფუძველი არ არსებობს… აქ მოხალისეებიც არიან და პროფესიონალებიც. რამდენიმე საათით შევაჩერებთ (მუშაობას), დაველოდებით, შემდეგ კი განვაგრძობთ”, — განაცხადა გომელაურმა.
თბილისში, დამანგრეველი წყალდიდობა 14 ივნისს ღამით მოხდა. დაიტბორა ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის უპატრონო ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.