თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. გერმანიაში 65 წლის მამაკაცი ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომის კორონავირუსით (MERS) გარდაიცვალა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
როგორც სააგენტო DPA იუწყება, გერმანიის ჩრდილოეთ რეინ–ვესტფალიის მიწის მკვიდრი მამაკაცი, რომელმაც თებერვალში შვებულება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაატარა, კორონავირუსზე მკურნალობის შემდეგ, 6 ივნისს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალაქ ოსტერკაპელნის საავადმყოფოს წარმომადგენლებმა სააგენტოს განუცხადეს, რომ მამაკაცი მათთან ვირუსის თანმხლები დაავადებების გამო მიიყვანეს.
კორონავირუსზე მკურნალობის შემდეგ, მაისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, მამაკაცი სამკურნალოდ ინფექციურ განყოფილებაში აღარ მოთავსებულა, აღნიშნავს სააგენტო.
ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომის კორონავირუსს ადრეულ სტადიაზე არ აქვს განსაკუთრებული სიმპტომები. დაავადების უკიდურესად მაღალი რისკის მატარებლები არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სუსტი იმუნიტეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადება, დიაბეტი ან თირკმლის უკმარისობა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 12 ივნისისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით დაავადების 1289 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 455 უკვე გარდაიცვალა.