თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. სირიაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, ჩეჩნეთის ტერიტორია ოთხას ადამიანზე მეტმა დატოვა. მათი მიზანი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანება გახლდათ. წასულთაგან ასზე მეტი დაიღუპა, ათობით ადამიანს სამართალდამცავები ეძებენ, ხოლო დანარჩენების ბედი უცნობია, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ისლამურ სახელმწიფოში“ უკვე წასულთა და წასასვლელად გამზადებულთა შორის არიან ქალები და სრულიად ახალგაზრდა გოგონები. ბოლო დღეებში რეზონანსული გახდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, 19 წლის ვარვარა ყარაულოვას ისტორია, რომელმაც მშობლებისგან მალულად გააფორმა საზღვარგარეთის პასპორტი და სტამბულში გაიქცა. თუმცა ის თურქეთ–სირიის საზღვარზე დააკავეს მოქალაქეთა ჯგუფთან ერთად, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებას გეგმავდნენ და მოსკოვში დაბრუნდა.
აღთქმული სამოთხე
„დაახლოებით ერთი თვის წინ, გვიან ღამით, უცნობმა მამაკაცმა დამირეკა და მთხოვა დავხმარებოდი ძმიშვილის პოვნაში, რომელიც „გაურკვეველი მიმართულებით“ იყო წასული. მაშინვე ტელეფონს ვეცი და ყველას დავურეკე, ვისაც დაკარგულის ძებნაში დახმარება შეეძლო“, — განაცხადა ჩეჩნეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისტან“ საუბრისას. ჰედა სარატოვა კარგად ერკვევა „ისლამურ სახელმწიფოში გაქცეულთა“ პრობლემაში.
17 წლის გოგონა და მისი ორი თანამგზავრი, შეიძლება ითქვას, რამდენიმე წუთში იპოვეს გროზნოს საქარხნო რაიონის შინაგან საქმეთა რაინულ განყოფილებაში. გოგონები იქ მას შემდეგ მიეყვანათ, რაც უახლოეს დღეებში მათი სირიაში გადაყვანის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია მიეღოთ. მათ „მფარველებს“ გოგონებისთვის პასპორტებიც დაემზადებინათ და გზის საფასურიც გადაეხადათ.
„როცა რაიონულ განყოფილებაში მივედი ღამის 3 საათზე, იქ სამი — 17–დან 22 წლამდე ასაკის გოგონა დამხვდა. მათ შავი ჰიჯაბები ემოსათ და ისეთი შეუვალი სახეებით მიმზერდნენ, ზომბირებულები გეგონებოდათ. მე განმაცვიფრა მათმა გულგრილობამ მომხდარისადმი. შეკითხვებს ისინი ერთნაირად პასუხობდნენ — „ჩვენ გვსურს იქ წასვლა, სადაც შარიათის კანონები მოქმედებს“, — გაუზიარა სააგენტოს შთაბეჭდილება სარატოვამ.
როდესაც ერთ–ერთი დაკავებულის ალაპარაკება შეძლეს, უფლებადამცველმა გამოარკვია, რომ გოგონების გამგზავრების მიზანი — ეს „ალაჰის მეომრის“ ცოლობა გახლდათ, რომელსაც მათთვის საიქიოში „სამოთხის ბაღები“ აღეთქვა.
„მან მხოლოდ საქმროს სახელი იცოდა, რომელიც აბუ–ბაქრად გაეცნო. მისი თანამგზავრი გოგონებიც შაჰიდების ცოლობასა და მერე მათ ქვრივობას აპირებდნენ“, — განაცხადა სარატოვამ. მთავარი გადამბირებელი, რომელიც გოგონებს სახიფათო მოგზაურობაში გამგზავრებას ურჩევდა, მოგვიანებით დააკავეს.
„სირიაში წასასვლელად გამზადებულთა ჯგუფში სულ ხუთი გოგონა და მათი მასწავლებელი ქალი შედიოდა. ყველა მათგანს ჰყავდა ვირტუალური საქმრო, რომელთაც დანიშნულების ადგილზე უნდა შეერთებოდნენ“, — თქვა სარატოვამ. ოპერატიულმა თანამშრომლებმა მოგზაურთა გეგმები ჩაშალეს. ახლა მათთან ფსიქოლოგები, მშობლებთან და სასულიერო პირებთან ერთად მუშაობენ.
დედა მეცოდება
უფლებადამცველმა ერთ–ერთ დაკავებულ გოგონასთან საუბრის ვიდეოჩანაწერი გადმოგვცა. ჩანაწერში ახალგაზრდა, თავით ფეხამდე შავებში ჩაცმული ქალი, საკუთარ ვინაობას ასახელებს და მერე სუფთა რუსულით, ოღონდ წინააღმდეგობრივად და დაბნეულად პასუხობს შეკითხვებს.
— რატომ გინდოდა სირიაში წასვლა?
— იქ შარიათია.
— კი მაგრამ, ვინმე გიშლის, რომ სახლში დაიცვა შარიათის მოთხოვნები, ან ილოცო?
— აქ ლოცვას არავინ მიშლის, არც მე ვარ წინააღმდეგი, უბრალოდ, ყურანი — ეს ალაჰის კანონებია, ხოლო კონსტიტუცია — მათი კანონები.
— შენ მიგაჩნია, რომ აქ არ იცავენ ყურანის მოთხოვნებს?
— არა, ასე არ ვფიქრობ. მე მიხარია, რომ აქ პატივს სცემენ ყურანს.
— რატომ დაუჯერე იმათ, ვინც შენგან შორსაა და არა საკუთარ ნათესავებსა და ახლობლებს? არ გეცოდება დედა და მამა?
— ვხედავ, რომ დედა ცუდადაა. რა თქმა უნდა, მეცოდებიან ისინი.
— ნანობ შენს საქციელს?
— კი.
— გიხარიათ, რომ შეგაჩერეს?
— ალაჰმა ასე ინება.
მუქარასთან ბრძოლა
ჩეჩნეთის სამართალდამცავი ორგანოები ინტენსიურად მუშაობენ რესპუბლიკის მაცხოვრებლების „ისლამურ სახელმწიფოში“ წასვლის აღსაკვეთად.
„ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს სარწმუნო ინფორმაცია კონტაქტების, გამგზავრების, ჩასვლის, გადაადგილების არხების შესახებ. ხშირად ადამიანები თავად მოგვმართავენ დახმარებისთვის. ჩვენც ვეხმარებით მათ ბავშვების შეჩერებასა და სწორ გზაზე დაბრუნებაში. ამ საქმეში დიდ როლს ასრულებენ სასულიერო პირები“, — აღნიშნა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილემ აფთი ალაუდინოვმა.
მისი თქმით, ახალგაზრდობას ძირითადად ინტერნეტის მეშვეობით იზიდავენ. „ ისინი ახალგაზრდა, მოუმწიფებელ გონებაზე ზემოქმედებენ, ამუშავებენ მათ. ეს იგივეა, სუფთა ფურცელზე დაწერო ის, რაც გსურს. ასეა ახალგაზრდების შემთხვევაშიც“, — ამბობს ალაუდინოვი. მან ხაზი გაუსვა, რომ ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც უკვე წასულები დაუბრუნებიათ. ისინი, როგორც კი გაიაზრებდნენ მომხდარის არსს, ნათესავების მეშვეობით ითხოვდნენ დაბრუნებაში დახმარებას. ალაუდინოვმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს მათ სულ უფრო ხშირად მიმართავენ სხვა რეგიონების მაცხოვრებლები.
„ჩვენ ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად ყველას დავეხმაროთ“, — თქვა მინისტრის მოადგილემ.
სულ ჩეჩნეთიდან, შინაგან საქმეთ სამინისტროს მონაცემებით, სირიაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე 405 ადამიანი წავიდა. 104 მათგანი დაიღუპა, 88 ადამიანის წინაღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება. არიან უკვე სასჯელმოხდილი პირებიც. დანარჩენების ბედი უცნობია.