სააპელაციო სასამართლომ „კაბელების საქმეში“ მთავარი მტკიცებულება დააბრუნა

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს 4 მლნ 102 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. მათ ბრალი ედებათ საკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბებასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება  და დასაშვებად ცნო ექსპერტიზების დასკვნები, რომლებიც ბრალდების მხარემ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ბრალდებულების საქმეზე წარადგინა, იუწყება მთავარი პროკურატურის პრეს–სამსახური სამშაბათს, 16 ივნისს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს დაუშვებლად ცნო ბრალდების მხარის სასაქონლო და საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების მტკიცებულების სახით მიღება. ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ 8 ივნისს გაასაჩივრა. 

2015 წლის 15 ივნისის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებები დასაშვები მტკიცებულებებია, რადგან მათი შედგენისა და საქმეზე პროცესუალურად დამაგრების დროს კანონის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია; შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება — ეს საკვანძო მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები არ დაეშვა საქმის არსებით განხილვაზე — არის მიუღებელი, მიზანშეუწონელი, დაუსაბუთებელი, ბუნდოვანი, შუალედური და უკანონო“, — ნათქვამია განცხადებაში. 

ამასთან, აღნიშნულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო. 

„სასაქონლო ექსპერტიზის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ცალმხრივ დასკვნებს“, თითქოს ექსპერტს არ ჰქონდა უფლება დამოუკიდებლად დამატებითი ინფორმაცია მოეპოვებინა, ვინაიდან იგი მოკლებულია საფუძველს და არ გამომდინარეობს როგორც ზოგადად ექსპერტის უფლება-მოვალეობების, ისე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან“, – განმარტებულია განცხადებაში. 

პროკურატურის მონაცემებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების თანახმად, ექსპერტის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან მას სრული უფლება ჰქონდა თავისი ინიციატივით ჩაეტარებინა ბაზრის კვლევა, მოეპოვებინა დამატებითი მასალა, ინფორმაცია და მისი მხრიდან სრულად იქნა დაცული „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიც.

 როგორც სააპელაციო სასამართლოში განმარტეს,  ვინაიდან სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა მოპოვებულია კანონის სრული დაცვით, „ავთენტურია, ნამდვილია და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს“, მის საფუძველზე მიღებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაც კანონშესაბამისია. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს 4 მლნ 102 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. კერძოდ, მათ ბრალი ედებათ საკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბებასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში. ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელისა და ქსელური აპარატურის შესყიდვის თაობაზე შეთანხმება სამინისტროსა და „სილქნეტს“ შორის 2013 წლის 26  მაისს გაფორმდა. 


ყველა ახალი ამბავი
0