თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი უწყვეტ რეჟიმში იღებენ სამძიმრისა და სოლიდარობის წერილებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ამის შესახებ ორშაბათს, 15 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
კერძოდ, თბილისში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა, ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, ასევე საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდ იბნ ტალალ იბნ აბდულაზიზ ალ-საუდმა.
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს წყალდიდობის შედეგად თბილისში ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით და გულწრფელი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტსისა და ქართველი ხალხის მიმართ.
თავის ქართველ კოლეგას პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ასევე მიუსამძიმრა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოსთვის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა. „უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ნათესავებს, ხოლო დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, — ნათქვამია წერილში.
სამძიმრის წერილი გამოაგზავნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. „ძალიან დამამწუხრა თბილისიდან მიღებულმა ცნობამ წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვის შესახებ. ჩემი და მთელი აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გისამძიმრებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახებს და ნათესავებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,“ – ნათქვამია ალიევის წერილში.
საქართველოს პრემიერ–მინისტრს ასევე საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდ იბნ ტალალ იბნ აბდულაზიზ ალ-საუდმა მიუსამძიმრა. „ძვირფასო პრემიერ – მინისტრო მიიღეთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია პრინცის სამძიმრის წერილში.
ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მიუსამძიმრა. „ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა თბილისში წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვისა და ქალაქისათვის უდიდესი ზარალის მიყენების შესახებ. ლიტველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ გულწრფელ თანაგრძნობას და მხარდაჭერას დაღუპულთა ოჯახების, თქვენი და მთელი ქართველი ხალხის მიმართ“, — ნათქვამია წერილში.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი მზად არის აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს და დადგეს ქართველი ხალხის გვერდით. "ნათელი ხსოვნა იყოს ამ სამწუხარო მოვლენების დროს დაღუპული ჩვენი თანამოძმეების. ჩემი და თურქი ხალხის სახელით თანავუგრძნობ მათ ოჯახებს…დარწმუნებული იყავით, რომ თურქეთი მზად არის ამ საკითხში საქართველოს ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინოს…“, – ნათქვამია ერდოღანის წერილში.