თბილისი. 15 ივნისი — Sputnik. ბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი (Rosen Plevneliev) ბათუმში 18 ივნისს დაგეგმილ კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“ გახსნის, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით კერესელიძემ ორშაბათს, 15 ივნისს განაცხადა. პლევნელიევის ვიზიტი საქართველოში 2 დღეს — 17-18 ივნისს გაგრძელდება.
აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი (Linas Linkevicius), ავსტრიის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტი კარლჰაინც კოპფი (Karlheinz Kopf), ნორვეგიის სამეფოს ევროპული ეკონომიკური ზონისა და ევროკავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილე ინგვლიდ ნეს სტუბი (Ingvild Naess Stub).
როგორც მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ მიეძღვნება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის შედეგებისა და ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების განხილვის თემას.