თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. მიღებული ინფორმაციით, საქართველო გაითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის წინადადებას თბილისში წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარების თაობაზე, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" იტყობინება.
ინფორმაციის თანახმად, ორშაბათს შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შორის.
„გრიგორი კარასინმა თბილისში, 14 ივნისის ღამეს, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. კოლეგასთან საუბრისას კარასინმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელობის შეთავაზება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესებში დახმარების შესახებ", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„საუბრის დასასრულს, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე აღნიშნულ წინადადებას გაითვალისწინებს“, – იტყობინება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ინფორმაციის თანახმად, საუბრის მსვლელობისას მხარეები ასევე შეეხნენ რუსულ-ქართული ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, მათ შორის, მიმდინარე წლის ივლისში პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის მზადების საკითხებს.