თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. მეწყერი მდინარე დურუჯის სათავესთან ჩამოწვა, რითაც საფრთხე შეექმნა ყვარლის რაიონს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ორშაბათს, 15 ივნისს.
მდინარე დურუჯის ხეობაში სპეციალისტებთან ერთად იმყოფება ყვარლის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია მზექალაშვილი. ადგილზე ელოდებიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინსტროს წარმომადგენლებს.
გარდა ამისა, ორშაბათს მეწყერი ჩამოწვა თბილისის გარეუბანში, ბაგების ტერიტორიაზე და მდინარე ვერეს კალაპოტი კვლავ ჩაიხერგა. პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.
როგორც მანამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იუწყებოდა, თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია, რასაც თბილისის გარეუბნის დამეწყვრა და მდინარე ვერეს დროებითი ჩახერგვა მოჰყვა. სწორედ ამის გამო აიწია მდინარეში წყლის დონემ.
კვირას, 14 ივნისის ღამით თბილისში დაიტბორა ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები და ასევე დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 13, ხოლო უგზოუკვლოდ დაკარგულად 9 ადამიანი ითვლება.