თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორშაბათს, 15 ივნისს განაცხადა, რომ თბილისის წყალდიდობის მიზეზები აუცილებლად უნდა იყოს მეცნიერულად განხილული და პროფესიულად შესწავლილი და ამაში ქვეყანაში მყოფი სხვადასხვა სფეროს გამოცდილი სპეციალისტები უნდა ჩაერთონ.
კვირას, 14 ივნისის ღამით წყალდიდობის შედეგად თბილისში დაიტბორა ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ცენტრალური ქუჩები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 13 ადამიანი, ხოლო ცხრა ჯერ ისევ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
„თუ დამნაშავეების ძებნას დავიწყებთ და არა მდგომარეობის პროფესიულად შესწავლას, დეტალებში დავიკარგებით. ჩვენ უნდა გვქონდეს სპეციალისტების კვალიფიციური ანგარიში იმის თაობაზე, რამ გამოიწვია ეს პრობლემა. ამასთან დაკავშირებით მე ველოდები არა პოლიტიკურ, არამედ სამეცნიერო განხილვას და იმედი მაქვს, რომ ასეთი განხილვა მოხდება, რამდენადაც საქართველოს ნამდვილად ჰყავს განსაკუთრებული სპეციალისტები ბევრ სფეროში“, — განაცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, დაუშვებელია, რომ მდინარე ვერეში წყლის დონის აწევის გამო ამდენი ადამიანი იღუპებოდეს.
„ზუსტად იმის შედეგად, რომ არ უსმენდნენ (სპეციალისტებს), ჩვენ დავკარგეთ ათობით ადამიანი… დასკვნა ნათელია — პროფესიონალიზმის გარეშე განვითარება აღარ შეიძლება. დაუშვებელია არ ვკითხოთ დარგის სპეციალისტებს აზრი არა მხოლოდ იმის თაობაზე თუ როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, არამედ იმის თაობაზეც, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდეს“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, თბილისში მომხდარი წყალდიდობა „კატასტროფული გაკვეთილია“.
„მსურს კიდევ ერთხელ თანავუგრძნო ყველა დაღუპულის ოჯახს და იმედი გამოვთქვა, რომ დაკარგულები მალე გამოჩნდებიან. მეორეც, მსურს საზოგადოებას ვაცნობო იმ ადამიანების წუხილი, რომლებთანაც დღეს ვიყავი — ისინი ძალიან ემადლიერებიან თბილისელებს, იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიის ღამესა და მომდევნო დღეებშიც ქუჩაში არიან და სამოსს აგროვებენ. ჩვენ მართლაც გასაოცარი ერთიანობა ვაჩვენეთ. ეს ადამანები გრძბობენ ამას და ძალიან მადლიერები არიან“, — განაცხადა მარგველაშვილმა.