თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ექსპერტები ისრაელიდან და ჩეხეთიდან წყალდიდობისგან დაზარალებული თბილისის ზოოპარკის დასახმარებლად საქართველოში ჩამოვლენ, განაცხადა ორშაბათს, 15 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა.
”ჩეხეთმა და ისრაელმა ექსპერტების ჯგუფების მობილიზება უკვე მოახდინეს, რომლებიც უახლოეს დღეებში, შეიძლება, დღესაც, საქართველოში ჩამოვლენ და თბილისის ზოოპარკს დაეხმარებიან”, — განაცხადა ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თბილისის ზოოპარკი 14 ივნისს ღამით წყალდიდობის შემდეგ ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ზოოპარკის ქვედა ნაწილი მთლიანად განადგურდა, ცხოველების ნაწილი, მათ შორის მტაცებლები, ქალაქში გაიქცა და მათ მთელი კვირა დღის მანძილზე სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები ქალაქში ეძებდნენ. ზოგიერთი მხეცი დროებით დააძინეს და ზოოპარკში დააბრუნეს, ხოლო ზოგიერთი მათგანის ლიკვიდაცია მოახდინეს. წინასწარი ინფორმაციით, ზოოპარკის 600 მობინადრიდან მხოლოდ ნახევარი გადარჩა, მათ შორის არიან მარტორქა, სპილო, ბეჰემოტი, ნიანგი, რამდენიმე ლომი, პინგვინები და სხვა.
წყალდიდობის შედეგად ასევე დაიტბორა თამაზ ელიზბარაშვილის უპატრონო ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, 9 — უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.