თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ამ დროისათვის კვირას, 14 ივნისის ღამეს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რიცხვმა 12–ს მიაღწია.
„ამ ეტაპზე, ბოლო მონაცემებით, სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი 12–მდე გაიზარდა. ამ დრომდე ვერ მოხერხდა ზოოპარკიდან გაქცეული ყველა ცხოველის დაჭერა. მინდა მოსახლეობას ვთხოვო თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან. ცხოველების კვალი განსაკუთრებით ფიქსირდება კუს ტბისა და ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ასევე ვაკესა და საბურთალოზე“, – განაცხადა ნარმანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში.
მისი სიტყვებით, ამ დრომდე გრძელდება სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა. გავრცელებული ინფორმაციით, 40 ოჯახი სასწრაფოდ საჭიროებს დახმარების აღმოჩენას.
გადაუღებელმა წვიმამ, რომელსაც თან ახლდა სეტყვა და ქარი, კვირას ღამით დატბორა თბილისის ზოოპარკი, თამაზ თამაზაშვილი უპატრონო ძაღლთა თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. გრძელდება ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების, მათ შორის მტაცებლების, დაჭერის ოპერაცია.
სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები – დიდუბე–ჩუღურეთის რაიონში 22 ათასი აბონენტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.