თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. თბილისის მერი დავით ნარმანია მოსახლეობას მოხალისეთა რიგებში ჩადგომისკენ და ქალაქის მთავრობისათვის სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში დახმარებისკენ მოუწოდებს, იუწყება კვირას, 14 ივნისს ტელეკომპანია "რუსთავი 2".
ძლიერმა წვიმამ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში წყალდიდობა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, ათამდე ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო ათამდე ადამიანის ბედი კი ამ დრომდე უცნობია, სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
„მოხალისეები მოდიან და ჩვენ სიამოვნებით ვიღებთ მათ დახმარებას. ისინი ჩვენს მაშველებს ფიზიკურად ეხმარებიან. თუ ვინმეს სურვილი აქვს ამ რთულ ვითარებაში ჩვენს გვერდით დადგეს, გმირთა მოედანზე მოვიდეს, სადაც ხდება მოხალისეთა შეკრება და მათი გადანაწილება საჭიროების მიხედვით სხვადასხვა უბნებში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ „მოხალისეებს შეუძლიათ მოვიდნენ და დაეხმარონ ჩვენს თანამშრომლებს რათა დროულად მოხდეს დაზიანებული გზების აღდგენა და ტერიტორიის ნაგავისა და ტალახისგან გაწმენდა“.
კვირას, 14 ივნისის ღამით მომხდარ სტიქიას ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა, გავრცელებული ინფორმაციით, წყალდიდობას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდა ამისა, წყალდიდობის შედეგად მთლიანად განადგურებულია თბილისის ზოოპარკის ინფრასტრუქტურა და ტერიტორიიდან მტაცებელი ცხოველები არიან გაქცეულნი. მაშველებმა რამდენიმე ცხოველის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება მოახერხეს.