თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა, — ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა, რომელიც სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა.
რაც შეეხება თანხის კონკრეტულ ოდენობას, აბაშიშვილის თქმით, ეს თბილისის მერიასთან კონსულტაციების შედეგად დაზუსტდება.
"პირველ რიგში ვუსამძიმრებ დაღუპულ ოჯახებს. თბილისის მერიასთან ერთად ვეცნობით სტიქიის შედეგებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სარეზერვო ფონდიდან დაფინანსება გამოიყოფა და ქალაქის მერიასთან ერთად დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. საუბარი ეხება მათ დაბინავებას, განთავსებას და პირველად საჭიროებებს", — განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
კოკისპირული წვიმის შედეგად რომელიც საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, დაიტბორა ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა კერძო თავსესაფარი, სახლები, ასევე თბილისის ცენტრალური ქუჩები. უკანასკნელი მონაცემებით, სტიქიამ 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ზოოპარკიდან მტაცებელთა უმეტესობა გაიქცა. მათი ნაწილის ვოლიერებში დაბრუნება მოხერხდა, მეორე ნაწილის ლიკვიდაცია კი სპეცრაზმმა მოახდინა.
გარდა ამისა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც თბილისის 22 ათასი აბონენტი ამ დრომდე შუქის გარეშეა დარჩენილი.