თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა დაეხმარება ყველას, ვინც 14 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ტელეარხების ეთერში განაცხადა.
„სიტუაცია ძალიან სერიოზულია. ჩვენ, ყველა უწყება, საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ, და გპირდებით, რომ ყველა დაზარალებულს დავეხმარებით“ — განაცხადა ღარიბაშვილმა, რომლის განკარგულებითაც კვირა ღამეს თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საგანგებო შტაბი შეიქმნა.
პრემიერმა მოუწოდა მოსახლეობას შეინარჩუნონ სიმშვიდე და განაცხადა, რომ „ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს სიტუაციას“.
შსს-ს მონაცემებით, ამ მომენტისათვის, ოფიციალურად დადასტურებულია 4 ადამიანის დაღუპვა, მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება კიდევ 3 ადამიანის დაღუპვაზე, 10 დაკარგულ თბილისის მაცხოვრებელს ამ დრომდე ეძებენ. თბილისის ცენტრში ამ დრომდე მიმდინარეობს სპეცოპერაცია ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების დასაჭერად.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ყველაზე რთული სიტუაცია ამ დროისათვის ნარჩუნდება ვაკე საბურთალოს რაიონში, მდინარე ვერეს ხეობაში, რომელიც ნაპირებიდან გადავიდა და სახლები დატბორა, ასევე წყნეთის ტრასაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა.