პარლამენტმა სსკ-ში ცვლილებები შეიტანა უკანონო ფორმირებებთან დაკავშირებით

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკანონო ფორმირებაში შესვლა ან სხვა ქმედება უკანონო ფორმირების სასარგებლოდ, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს და მიიღეს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი, რომლის თანახმადაც უკანონო ფორმირებაში შესვლა ან სხვა ქმედება უკანონო ფორმირების სასარგებლოდ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

 კანონპროექტს პარასკევს 12 ივნისს პარლამენტის  148 დეპუტატიდან 78 მა ერთხმად მისცა ხმა. კანონპროექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც პრეზიდენტი მოაწერს ხელს და საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდება. 

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 მუხლში შესწორებების თანახმად,  უკანონო ფორმირებებში გაწევრიანება და (ან) მონაწილეობა, ასეთი ფორმირების მიერ ორგანიზებული წვრთნის გავლა, ამგვარ უკანონო ფორმირებაში გაწევრიანების, მონაწილეობის ან მისი საქმიანობის სხვაგვარი ხელშეწყობის მიზნით პირის გადაბირება ან გაწვრთნა, პირთა შეგროვება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე. 

 უკანონო ფორმირებაში გაწევრიანებასთან ან/და მონაწილეობასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის ან/და სიმბოლიკის გავრცელება ან გამოყენება, თუ აღნიშნული ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა პირდაპირ და არსებით საფრთხეს — ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.

 უკანონო ფორმირების ხელმძღვანელობა, მონაწილეობა, საინფორმაციო მასალების გავრცელება და დაფინანსება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით რვიდან 15 წლამდე.

 ამასთან, უკანონო ფორმირება გულისხმობს, ნებისმიერ ფორმირებას  (გარდა სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობაში არსებული ფორმირებისა), რომელიც შეიარაღებულია ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერებებით, ასაფეთქებელი მოწყობილობებით, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერებით, ცივი იარაღით ანდა ნებისმიერი მოწყობილობით ან საგნით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან გასანადგურებლად, თუ ასეთი ფორმირება შექმნილია დანაშაულებრივი მიზნით. 

 გარდა ამისა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 3211 მუხლი, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება ან სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 10 წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0