დედაქალაქში რაგბის ტურნირი „თბილისის თასი“ იღებს სტარტს

© facebook.com/OfficialGeorgiaRugbyრაგბი, თბილისის თასი 2015.
რაგბი, თბილისის თასი 2015. - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თბილისის თასის“ დასრულების შემდეგ რაგბისტები ერთკვირიან შვებულებას მიიღებენ, რის შემდეგაც მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდება, განაცხადა მწვრთნელმა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში რაგბის ტრადიციული ტურნირი — „თბილისის თასი“ იღებს სტარტს. წელს თასის მოსაპოვებლად საქართველოს და ურუგვაის გუნდები, ასევე იტალიის და ირლანდიის ტესტ-ნაკრებები იბრძოლებენ.

 საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 13 ივნისს ურუგვაის ნაკრებთან გამართავს. მატჩი ავჭალის რაგბის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება. 

 საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ტურნირზე შემდეგი მოთამაშეები გამოიძახა: ჯაბა ბრეგვაძე, ალექსანდრე ხუციშვილი, გიორგი ბეგაძე („ყოჩები“), სიმონ მაისურაძე („ვალანსი“), ვასილ კაკოვინი („ტულუზა“), ზურაბ ჟვანია („სტად ფრანსე“), ანტონ ფეიქრიშვილი („ბრივი“), ირაკლი მირცხულავა („ტარბი“), ნიკოლოზ ხატიაშვილი, ლევან დათუნაშვილი, მერაბ შარიქაძე („ორიიაკი“), გიორგი ჩხაიძე („ლილი“), კონსტანტინე მიქაუტაძე („ტულონი“), ვიქტორ კოლელიშვილი („კლერმონი“), ლაშა ლომიძე („ბეზიე“), დიმიტრი ბასილაია („პერპინიანი“), ბექა ბიწაძე, ბექა წიკლაური („ლოკომოტივი“), გიორგი აფციაური, გიორგი ფრუიძე („აია“), მურაზ გიორგაძე („არმაზი“), რევაზ გიგაური („მონსულონი“), თამაზ მჭედლიძე („აჟენი“), გიორგი ტალახაძე („ლელო“), ლაშა მალაღურაძე („ბაგნერი“), ვაჟა ხუციშვილი („ხარები“).

 „თბილისში ჩამოსული გუნდები კარგად არიან მომზადებული. თითოეული მატჩი ჩვენთვის რთული, დაძაბული და საინტერესო იქნება. ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ეს საკუთარი თავის გამოვლენის და ეროვნული გუნდისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმის მშვენიერი შესაძლებლობა იქნება. ვნახოთ, როგორ გამოიყენებენ ისინი ამას“, — განუცხადა ჟურნალისტებს მილტონ ჰეიგმა.

 მისი თქმით, ეს ტურნირი მნიშვნელოვანია მოთამაშეებისთვისაც და ტრენერთა შტაბისთვისაც — ის მსოფლიო პირველობის მზადების დასაწყისია.

 „საქართველოს ნაკრების ძირითადი კანდიდატები მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისში გამგზავრებამდე ისვენებენ. „თბილისის თასის“ დასრულების შემდეგ რაგბისტები ერთკვირიან შვებულებას მიიღებენ, რის შემდეგაც მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელად ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდება“, — განაცხადა მწვრთნელმა.

 „თბილისის თასი“ მესამედ ტარდება. პირველი გამარჯვებული სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საპრეზიდენტო ნაკრები იყო. გასულ წელს თასი არგენტინის „იაგუარმა“ მიიღო.


ყველა ახალი ამბავი
0