თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
კანონპროექტს მხარი 148 დეპუტატიდან 78-მა დაუჭირა.
კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლი 239-1 – ”მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ესე იგი ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ამ განხეთქილების ჩამოგდების მიზნით”. ეს ქმედება ჯარიმით ან 200-საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ისჯება.
იგივე ქმედება, რომელსაც ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენება მოჰყვა, სიცოცხლის წართმევა ან სხვა რაიმე მძიმე შედეგი, ორიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
იურიდიული პირის მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში, ის ლიკვიდაციას დაექვემდებარება, 10 წლის ვადით საქმიანობა აეკრძალება და დაჯარიმდება.
კანონპროექტი ძალაში შევა, როდესაც მას ხელს პრეზიდენტი მოაწერს და ”საკანონმდებლო მაცნეს” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.