ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია ”საქართველოს ევროპული გზა" ჩატარდება

გამოწერა
კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო კონფერენცია ”საქართველოს ევროპული გზა” ბათუმში 18-19 ივნისს გაიმართება. კონფერენციაზე ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის შედეგებსა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე იმსჯელებენ. 

კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.

”აღნიშნული კონფერენცია მიეძღვნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტის შედეგების, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელების საკითხების განხილვას”, — აღნიშნულია პარასკევს, 12 ივნისს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ”საქართველოს ევროპული გზის” რიგით მე-12 კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში უსაფრთხოების გამოწვევებს.

”გასათვალისწინებელია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპული მისწრაფებების მქონე სხვა ქვეყნებისა და მთლიანად ევროპისთვის”, — აღნიშნულია განცხადებაში.

პრეს-სამსახურის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 2014 წელს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით,  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების ახალი ჰორიზონტები გაიხსნა.

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში მოეწერა. ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია შეთანხმება გაღრმავებული და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი რიგაში 21-22 მაისს გაიმართა. შემაჯამებელი დეკლარაციის თანახმად, სამიტის მონაწილეები საქართველოს და უკრაინის პროგრესს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციასთან მიმართებით ”გულთბილად მიესალმნენ”.


ყველა ახალი ამბავი
0