თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ქართველმა ფეხბურთელებმა ავსტრიაში შეკრება დაასრულეს და დილით ჩარტერული რეისით ვარშავაში გაფრინდნენ, სადაც 13 ივნისს პოლონეთის ნაკრებთან 2016 წლის ევროპის შესარჩევ მატჩს გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
გუნდის განლაგება ტრავმების გამო ლევან მჭედლიძემ და გოგიტა გოგუამ დატოვეს. ასევე ბოლო ვარჯიშზე მცირე დაზიანება მიიღო მათე ვაწაძემ, მაგრამ ის გუნდთან ერთად ვარშავაში გაფრინდა და სავარაუდოდ, მოთამაშეთა სიაში აღმოჩნდება.
ნაკრებების პირველი შეხვედრა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ი მატჩების ფარგლებში თბილისში 11 ნოემბერს გაიმართა. სტუმრებმა დამაჯერებელი ანგარიშით — 4:0 გაიმარჯვეს. ეს მატჩი თემურ ქეცბაიასთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო აღმოჩნდა.
გუნდები ერთმანეთს სულ ოთხჯერ შეხვდნენ. სამჯერ უფრო ძლიერი პოლონელთა გუნდი აღმოჩნდა, ხოლო ერთხელ, 1997 წელს, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თბილისში მოწინააღმდეგე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. იმ შეხვედრაზე თავი გამოიჩინეს კახა ცხადაძემ და თემურ ქეცბაიამ —საქართველოს ნაკრების ამჟამინდელმა და ყოფილმა მთავარმა მწვრთნელებმა. კიდევ ერთი გოლი არჩილ არველაძემ გაიტანა.
ამჟამად პოლონეთის ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ D ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს და ხუთი ჩატარებული თამაშის შედეგად თავის აქტივში 11 ქულა აქვს. ქართველ ფეხბურთელებს მხოლოდ სამი ქულით და ჯგუფში მეხუთე ადგილით შეუძლიათ „იამაყონ”.
შაბათს ასევე შედგება საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებების მოწინააღმდეგე გუნდების შეხვედრებიც. ირლანდიის ნაკრები შოტლანდიის გუნდს უმასპინძლებს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონები — გერმანელები გიბრალტარის გუნდთან გამსვლელ მატჩს გამართავენ.