ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესმენებს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები გააცნო

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინერგება მართვის ავტომატიზებული სისტემები, მათ შორის, ელექტრონული აუდიტი, რომლის საშუალებითაც გაიოლდება და უფრო ეფექტური იქნება საგადასახადო შემოწმებების ჩატარება.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ბიზნესმენებს საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით განხორციელებული ცვლილებები და გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი სიახლეები გააცნეს. 

ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ საქართველოს ასოციაციისა და დასაქმების და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებისათვის, პრეზენტაცია გამართა საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ცვლილებების თაობაზე, რომელიც წელს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და რომელიც ბიზნესის ხელშეწყობისა და სტიმულირებისთვის მნიშვნელოვან მექანიზმებს ითვალისწინებს.

საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ბარათაშვილმა წარადგინა ცვლილებები, რომელიც მისი თქმით, გულისხმობს საგადასახადო ტვირთის შემცირებას გადასახადის გადამხდელთა გარკვეული კატეგორიისათვის.  კერძოდ,  ფიზიკური პირის მიერ ფიზიკური პირზე საცხოვრებელი ფართის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი, დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 20 პროცენტისა.

ასევე გათვალისწინებულია ცალკეული საგადასახადო სანქციების შემსუბუქება. კერძოდ, გადასახადის ვადაში გადაუხდელობისათვის არსებული საურავი 0.06 პროცენტისა, მცირდება 0.05 პროცენტამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო აღურიცხავი საქონლის გამოვლენისათვის სანქცია მცირდება ამ საქონლის ღირებულების 50 პროცენტამდე, ნაცვლად არსებული 100 პროცენტისა.

გარდა ამისა, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, მსუბუქი ავტომობილების შემოყვანასა და გაყიდვებზე, შეცვლილი და გამარტივებულია საგადასახადო პროცედურების ნაწილი. კერძოდ — პირი, რომელმაც 2015 წლის 1 მაისამდე შემოიყვანა სატრანსპორტო საშუალება, თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან იმ შემთხვევაში, თუ 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების წარდგენას და გაფორმებას.  საგადასახადო სამსახურში თვლიან, რომ ამ რეგულაციებით მანქანები სულ მცირე 1000 ლარით გაიაფდება, და შესაბამისად არსებითად გაიზრდება მისი გაყიდვის შესაძლებლობა. 

 დღგ-ის გადამხდელებისათვის მარტივდება დროებითი შემოტანისა და სხვა პროცედურები. 

 შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის  გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, ინერგება მართვის ავტომატიზებული სისტემები, მათ შორის, ელექტრონული აუდიტი, რომლის საშუალებითაც გაიოლდება და უფრო ეფექტური იქნება საგადასახადო შემოწმებების ჩატარება.

 მისივე თქმით, ასევე  შემოსავლების სამსახურის სისტემაში იგეგმება საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის გაფართოება, რომელიც ხელს შეუწყობს გადასახადის გადამხდელსა და შემოსავლების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხარისხის ზრდას.


ყველა ახალი ამბავი
0