თბილისი. 11 ივნისი —Sputnik. ხუთშაბათს, 11 ივნისს, მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მიერ წარდგენილი 2015 წლის კორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი განიხილეს.
„პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ჩვენ 10 ივნისს წარვადგინეთ ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე სერიოზულ მიმართულებას: უპირველესად, გათვალისწინებულია, რომ ეკონომიკური ზრდა ნაცვლად 5%-ისა იქნება 2%, ხოლო ინფლაცია — 3 პროცენტი“ — აღნიშნა ხადურმა.
მისი თქმით სახაზინო ვალდებულებების ემისია 100 მილიონი ლარით (43.5 მილიონი დოლარი) შემცირდება.
„ჩვენ მივიღეთ დავალება, რომ ბიუჯეტის კორექტირების საბოლოო ვარიანტის შემუშავებამდე გავაგრძელოთ კონსულტაციები სამინისტროებთან და უკვე მომავალ კვირას წარმოვადგინოთ დაზუსტებული მონაცემები, თუ რომელ სამინისტროს რა მიმართულებით ექნება ეკონომია, ან პირიქით, შესაძლოა იყოს ზრდა", — აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ბიუჯეტის კორექტირების საკითხებზე აქტიური კომუნიკაცია იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებთანაც.
"ჩვენ მათაც ვთხოვთ, რომ გადახედონ ბიუჯეტს იმისთვის, რათა მიღწეული იქნას მთავარი პირობა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი არ აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შემცირდება არც ერთი სოციალური პროექტის დაფინანსება. სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში, ძირითადად ადმინისტრაციული და მიმდინარე ხარჯები შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საერთო მოცულობა დაგეგმილია 9.57 მილიარდი ლარის (4.2 მილიარდი დოლარი) დონეზე. მათგან 8,780 მილიარდი (3,8 მლრდ აშშ დოლარი) — საბიუჯეტო სახსრებია, ხოლო 790 მლნ ლარი (344 მლნ აშშ დოლარი) — დონორთა დაფინანსება. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა საერთო მოცულობა 2015 წლისთვის 9,52 მლრდ ლარის (4,1 მლრდ აშშ დოლარის) დონეზე იგეგმება.