„ნაცმოძრაობა“: ბიუროკრატიას მიზანმიმართული პროგრამები უნდა ჩაენაცვლოს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს–პრეზიდენტის პარტიამ 36 პუნქტისგან შემდგარი ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. გეგმა „ეკონომიკური კრიზისის გადალახვასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას“ მოიაზრებს.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ის უსარგებლო პროგრამები, რომლებიც ბიუროკრატიაზე და კორუფციაზეა გათვლილი, მიზანმიმართული პროგრამებით უნდა ჩანაცვლდეს, განაცხადა ყოფილი მმართველი პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

საქართველოს ექს–პრეზიდენტის პარტიამ 36 პუნქტისგან შემდგარი ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. გეგმა „ეკონომიკური კრიზისის გადალახვასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას“ მოიაზრებს. 

„ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია თავისუფლება მიეცეს ბიზნესს და დაიწყოს სამუშაო ადგილების ზრდა, ხოლო მეორე მხრივ, უამრავი უსარგებლო პროგრამა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ბიუროკრატიაზე, მათ ნათესავებზე და კორუფციაზეა გათვლილი, მიზანმიმართული პროგრამებით უნდა ჩანაცვლდეს, რათა ფული ხალხამდე მივიდეს“, — განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

ანტიკრიზისული პროგრამა ითვალისწინებს მოგების გადასახადის გაუქმებას – რომელსაც დივიდენდებზე 15%–იანი გადასახადი ჩაანაცვლებს და აგრეთვე საშემოსავლო გადასახადის 15%–მდე შემცირებას.

„ამით მოიხსნება ბიზნესთან სახელმწიფო სამართალწარმოების ნაწილი და ბიზნესი რეალურად გათავისუფლდება, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებითაც“, — აღნიშნა ჭიაბერაშვილმა. 

საპარლამენტო უმრავლესობა დადგენილების სახით უკვე გაეცნო ანტიკრიზისული პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს.

„მთავრობა სერიოზულად მუშაობს და ახლოსაა ის დღე, როდესაც ის საკმაოდ საინტერესო ინიციატივით გამოვა“, — განაცხადა საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ. 

ამასთან, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ გადასახადების გაუქმება „ბიუჯეტში დეფიციტს გამოიწვევს და, აქედან გამომდინარე, პრობლემებს ხარჯვით ნაწილში“. 


ყველა ახალი ამბავი
0