თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ”რუსეთის დღეს” მოსკოვში ათასზე მეტი საზეიმო ღონისძიება გაიმართება, განაცხადა პარასკევს მერიის ოპერატიულ თათბირზე დედაქალაქის კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალეკსანდრ კიბოვსკიმ, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.
”ხვალ რუსეთის დღისადმი მიძღვნილი დიდი საზეიმო ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. ჩვენთან ქალაქში მუშაობენ მუზეუმებიც, პარკებიც, საგამოფენო დარბაზებიც, ბიბლიოთეკები, კულტურული ცენტრები, კლუბური სისტემა — ზეიმის და აქტიურობის 200-ზე მეტი სხვადასხვა ცენტრი, სადაც ათასზე მეტი ღონისძიება გაიმართება”, — განაცხადა კიბოვსკიმ.
მან დააზუსტა, რომ ქალაქში დაგეგმილია კონცერტები, გამოფენები, პრეზენტაციები, ამასთან ძირითადი საზეიმო პროგრამა პარკებში ჩატარდება. ”განისაზღვრა 21 პარკის ტერიტორია, რომლებზეც გადანაწილებულია მოსკოვის მთელი ტერიტორიის რუკა, რომ ყველა მოსკოველმა შეძლოს ღონისძიებაზე დასწრება. მათ შორის არის კინოჩვენების 12 ადგილი, ამ შემთხვევაში თითოეულს თავისი მისია აქვს”, — აღნიშნა ჩინოვნიკმა.
ასევე პარკებში ჩატარდება აქციები ”ვმღერით ერთად”, სადაც მსურველებს პროფესიონალ მომღერლებთან ერთად მოსკოვზე დაწერილი სიმღერების შესრულების საშუალება ექნებათ, ასევე — აქცია ”ვცეკვავთ ერთად”, სადაც სტუმრებს ქორეოგრაფიაში მასტერ-კლასებს შესთავაზებენ. სახალხო მეურნეობის მიღწევების გამოფენაზე (ВДНХ) სასულე ორკესტრების მსვლელობა გაიმართება. საზეიმო პროგრამას წითელ მოედანზე გამართული კონცერტი დაასრულებს, იუწყება მერისა და დედაქალაქის მთავრობის პრეს-სამსახური.
რუსეთის დღე — ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ”ახალგაზრდა” სახელმწიფო დღესასწაულია. რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის პირველმა ყრილობამ 1990 წლის 12 ივნისს მიიღო დეკლარაცია რუსეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. ოფიციალური დასახელება ”რუსეთის დღე” დღესასწაულს მოგვიანებით — 2002 წელს დაერქვა.