თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ხუთშაბათს, 11 ივნისს გამართულ შეხვედრაზე.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. გამოითქვა სურვილი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაღრმავდეს ეკონომიკური, კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობა“, –ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი აზერბაიჯანში ხუთშაბათს გაემგზავრა. პარასკევს ის „ბაქო 2105 – პირველი ევროპული თამაშების“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება.
ისტორიაში პირველი ევროპული თამაშები, რომელიც მომავალში ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება, ბაქოში 12–28 ივნისს გაიმართება. სპორტულ შეჯიბრებებში 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ჩვენს ქვეყანას სპორტის 17 სახეობაში 105 ათლეტი წარმოადგენს.