თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ცნობილი რუსი ბალერინა ილზე ლიეპა ანსამბლ „სუხიშვილებს“ 70 წლის იუბილეს ცეკვა „ჯეირანით“ მიულოცავს. ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
ცეკვას, რომელსაც ანსამბლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო რამიშვილი ასრულებდა, ლიეპა ანსამბლის სხვა წევრებთან ერთად საიუბილეო კონცერტზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში — ფილარმონიაში, 27 ივნისს შეასრულებს. დიდი თეატრის ბალერინამ თბილისში რეპეტიციები გაიარა.
„დიდი სიამოვნებაა იგრძნო ის ენერგეტიკა, რომელიც მოცეკვავეებისაგან მოდის და ცდილობდე შეესაბამებოდე მათ… აღფრთოვანებული ვარ ყველაფრით რასაც აქ ვხედავ“, — უთხრა ლიეპამ ქართველ ჟურნალისტებს.
ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა და მთავარმა ქორეოგრაფმა ილიკო სუხიშვილმა ლიეპას ცეკვის მხოლოდ მთავარი მონახაზი ანახა და მას ინტერპრეტაციის თავისუფლება მისცა.
„ჩვენ ორი დღე ვიმუშავეთ. ის პროფესიონალია — ორ დღეში აითვისა. მე თუ მკითხავთ ძალიან საინტერესო ნომერი გამოდის, რადგან ეს სხვაგვარი „ჯეირანი“ იქნება“, — განაცხადა ილიკო სუხიშვილმა.
ანსამბლ „სუხიშვილების“ პროგრამიდან „ჯეირანი“ ლიეპამ თავად აირჩია.
„ჩვენ ყველა ვარსკვლავს მივეცით არჩევანის უფლება — იცეკვონ ჩვენი რეპერტუარიდან ის ცეკვა, რომელიც მათ მოსწონთ. თითოეულმა მათგანმა თითო ცეკვა აირჩია და ყველა თავისებურად ცეკვავს. ეს ძალიან კარგია, რომ ყველა თავის ინდივიდუალიზმს გამოავლენს“, — განაცხადა ანსამბლის ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა.
27 ივნისს „სუხიშვილების“ საიუბილეო გალა–კონცერტზე მსოფლიო ბალეტის სხვა ვარსკვლავებიც გამოვლენ: ირმა ნიორაძე, ილია კუზნეცოვი, ნინო ანანიაშვილი და ნიდერლანდების ცეკვების თეატრის ოთხი სოლისტი.