თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ საერთაშორისო პრეს–ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ოთხშაბათს, 10 ივნისს „საქართველოში რუსული ენის კვირეულის“ შედეგები შეაჯამეს, რომელიც თბილისში საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის ორგანიზებითა და ფონდ „რუსკი მირის“ მხარდაჭერით ჩატარდა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ექვსმა წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს იმ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ უამბეს, რომლებიც საქართველოში რუსული ენის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
2015 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე თბილისში რუსული ენის უფასო კურსები ტარდება. პირველი ნაკადის კურსდამთავრებულთა წარმატებებზე საქართველოს "რუსი ახალგაზრდობის კავშირისა" და "რუსი თანამემამულეების სამართლებრივი დაცვის ცენტრის" თავმჯდომარემ ალექსანდრ ბეჟენცევმა ისაუბრა.
„უკვე სამი წელია ჩვენს ორგანიზაციასთან, ფონდ „რუსკი მირის“ მხარდაჭერით, რუსული ენის კურსები ფუნქციონირებს. 5 ივნისს კურსის მონაწილეებისთვის ჩატარდა ლექცია, რომელზეც ახალგაზრდებს ალექსანდრ პუშკინსა და მის თბილისში ცხოვრებაზე უამბეს. გვახარებს ის, რომ კურსდამთავრებულთა უმეტესობამ მაღალი შედეგები აჩვენა. მალე მათ სერთიფიკატები დაურიგდებათ. კურსების ახალ ნაკადში ორგანიზაცია „დედამიწა — ჩვენი სახლიდან“ ძალიან ბევრი აქტივისტი ჩაერთო. იმედი მაქვს, რომ ისინი მალე დახვეწენ რუსული ენის ცოდნას“, — განაცხადა ალექსანდრ ბეჟენცევმა.
როგორც მან განაცხადა, საქართველოში რუსული ენის კურსების შემდგომი ჩატარებისთვის ფინანსური მხარდაჭერა ამ ეტაპზე მიღებული არ არის, მაგრამ "რუსი ახალგაზრდობის კავშირი" განაგრძობს მუშაობას ამ მიმართულებით.
რუსული ენის უფასო კურსების მეორე ნაკადზე რეგისტრაცია დაახლოებით 18 ივნისამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს ყოველდღე, 11 საათიდან 17 საათამდე, რუსი თანამემამულეების სამართლებრივი დაცვის ოფისში, მისამართზე დიმიტრი უზნაძის № 56.
საქართველოს "რუსი ახალგაზრდების კავშირის" ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს, ბავშვებს დაურიგდათ სათამაშო ნაკრებები, რომლებშიც შედიოდა საკანცელარიო ნივთები, ტანსაცმელი, პირადი ჰიგიენის ნივთები, სათამაშოები და ტკბილეული.
გარდა ამისა, როგორც ბეჟენცევმა აღნიშნა, თბილისში საზეიმოდ აღინიშნა ალექსანდრ პუშკინის დაბადების დღე. პუშკინის სკვერში ბავშვებმა პოეტის ძეგლთან ყვავილები მიიტანეს და სხვადასხვა ენაზე წაიკითხეს პუშკინის ლექსები.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დედამიწა — ჩვენი სახლის“ თავმჯდომარემ, ელგუჯა ხოდელმა აღნიშნა, რომ ქართველ ახალგაზრდებში რუსული ენის შესწავლის მიმართ ინტერესი გაიზარდა.
„ბოლო დროს საქართველოს ახალგაზრდობა დიდ ინტერესს იჩენს რუსული ენის შესწავლისადმი, ამიტომ ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაციითა და საქართველოს "რუსი ახალგაზრდობის კავშირის" მხარდაჭერით, დაახლოებით 50–მდე ახალგაზრდა ჩაეწერა ჩვენს უფასო კურსებზე. ვფიქრობთ, რომ შემოდგომაზე მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. სექტემბრიდან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მრავალ სხვადასხვა ღონისძიებასა და პროექტს ვგეგმავთ, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ხალხების ინტეგრაციას საქართველოში და ასევე დაეხმარება მოქალაქეებს საგანმანათლებლო და სამართლებრივი თვალსაზრისით“, — შენიშნა ელგუჯა ხოდელმა.
დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა კავშირის „დიაბეტიკონის“ თავმჯდომარემ მიხეილ ელიზბარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში რუსული ენის კვირეულის ფარგლებში, მისი ორგანიზაციის წევრებს ლექცია–სემინარი ჩაუტარდათ დიაბეტის თემაზე, ხოლო ოცდაათმა დაავადებულმა რუსეთის დიაბეტური ასოციაციისგან 50 წიგნი მიიღო საჩუქრად.
„ეს წიგნები პირველი და მეორე ტიპის შაქრიან დიაბეტსა და შესაბამის დიეტას ეხებოდა. ეს საკმაოდ იშვიათი წიგნები იყო, მე ვიტყოდი, უნიკალურიც კი. ყველა, ვინც ეს წიგნები მიიღო, გახარებული გახლდათ, ვინაიდან საქართველოში ფაქტობრივად არ შემოდის რუსულენოვანი ლიტერატურა შაქრიანი დიაბეტისა და სხვა ქრონიკული დაავადებების თაობაზე“, — თქვა ელიზბარაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის დიაბეტური ასოციაცია მზადაა, ყოველთვიურად უფასოდ გამოაგზავნოს საქართველოში ლიტერატურა დიაბეტის შესახებ, მაგრამ მთელი პრობლემა ტრანსპორტირებაშია. არც მათ და არც ქართულ მხარეს ამ ეტაპზე ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვა არ შეუძლიათ.
საქართველოს რუსი ქალების კავშირ „იაროსლავნას“ თავმჯდომარე ალა ბეჟენცევამ განაცხადა, რომ 2015 წელი რუსეთსა და მთელ რუსულენოვან სამყაროში ლიტერატურის წლადაა გამოცხადებული. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში შესაბამისი საინფორმაციო სემინარები ტარდება.
„ჩვენთან კურსებზე გამუდმებით ტარდება ლექციები კულტურის გამოჩენილ რუს მოღვაწეებზე, რომლებიც რაღაც ფორმით უკავშირდებოდნენ საქართველოს. ეს ლექციების ძალზე საინტერესო ციკლია ჩვენი სტუდენტებისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი სტუდენტები ქართველები არიან და ბუნებრივია, ეს მათთვის დიდი ინფორმაციაა. რაც ყველაზე მთავარია, ეს ხელს უწყობს ორი ხალხის დაახლოვებას“, — განაცხადა ალა ბეჟენცევამ.
საქართველოს რუსი ქალების კავშირ „იაროსლავნას“ თავმჯდომარის თქმით, რუსული ენის კვირეულის ფარგლებში ჩატარებული საქველმოქმედო აქციების გარდა, ორგანიაციამ საქველმოქმედო ღონისძიებები ჩაატარა მარნეულშიც, სადაც საბავშვო ნახატების კონკურსის „კავკასია მსოფლიოში“ მონაწილეებს საჩუქრები გადასცა. უახლოეს მომავალში „იაროსლავნა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ნინოწმინდაში გაემგზავრება, სადაც დუხობორებსა და მალაკნებს გაუწევენ იურიდიულ კონსულტაციებს, ჩაუტარებენ საინფორმაციო სემინარებს და ასევე გადასცემენ საჩუქრებს.