ალასანია: ივანიშვილი და მისი გუნდი მაფიოზურ კლანს ემსგავსებიან

© photo: Sputnik / Александр Имедашвили / გადასვლა მედიაბანკშიირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის საგამოძიებო და დასკვნითი ნაწილები მტკიცებულებების სახით არ მიიღო, რაც, დაცვის მხარის აზრით, პროკურატურის მთავარი მტკიცებულება იყო.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებას სარჩელის გასაიდუმლოების შესახებ ”ორგანიზებული დანაშაული” უწოდა. სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს მიერ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმეზე მტკიცებულებების საქმეში მიღებაზე უარის შემდეგ შეიტანეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის საგამოძიებო და დასკვნითი ნაწილები მტკიცებულებების სახით არ მიიღო, რაც, დაცვის მხარის აზრით, პროკურატურის მთავარი მტკიცებულება იყო. 

”ეს ორგანიზებული დანაშაულია, რომლის სათავეშიც ბიძინა ივანიშვილი დგას. ის და მისი გუნდი, პრაქტიკულად, მაფიოზურ კლანს ემსგავსება. მათ ასეთივე წარმატებით შეუძლიათ გაასაიდუმლოონ ნებისმიერი თემა და საზოგადოებას ამაზე ლაპარაკი აუკრძალონ. გაასაიდუმლოონ ეკონომიკური კრიზისი, რომ ჩვენ არ ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რაც ეკონომიკაშია. ისინი უკვე აბსურდამდე მივიდნენ“, — განაცხადა ოთხშაბათს, 10 ივნისს ალასანიამ.

პროკურატურის გადაწყვეტილება ალასანიამ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო. როგორც შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, გამორიცხული არ არის, რომ ამგვარი გადაწყვეტილებით ხელისუფლება საზოგადოებისგან გარკვეული ინფორმაციის დამალვას ცდილობს.

”თუ პროკურატურა საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია, მაშინ ამ საქმეში დასამალი არაფერი უნდა იყოს და საზოგადოებას მთელი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რათა ამ საქმეზე საერთო შთაბეჭდილება ჩამოყალიბდეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება გარკვეული ინფორმაციის დაფარვას ცდილობს, რაც არასწორია”, — აღნიშნა გიგაურმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს 4 მლნ 102 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. კერძოდ, მათ ბრალი ედებათ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბებასა და საკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში. ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელისა და ქსელური აპარატურის შესყიდვის თაობაზე შეთანხმება სამინისტროსა და „სილქნეტს“ შორის 2013 წლის 26  მაისს გაფორმდა.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმეზე ძიება, რომელსაც საფუძვლად უწყების ტენდერში მონაწილე კომპანია „დელტა კომის“ წარმომადგენელთა მიმართვა დაედო, 2014 წლის ივნისში დაიწყო. 

თბილისის საქალაქო სასამართლო აღნიშნული საქმეზე წინასასამართლო მოსმენებს 2015 წლის 1 აპრილიდან მართავს. სასამართლო პროცესების ნაწილი დახურულია, რამდენადაც საქმე გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს შეიცავს. ადვოკატებს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაპატიმრებიდან ერთი თვის შემდეგ მიეცათ.

 


ყველა ახალი ამბავი
0