თბილისი,10 ივნისი — Sputnik. ყირიმის რუსეთთან მიერთებისა და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგიის შემუშავება სჭირდება, ნათქვამია ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ რეზოლუციაში. დოკუმენტი ოთხშაბათს მიიღეს სტრასბურგში გამართულ ევროპარლამენტის სესიაზე, – იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
დოკუმენტს მხარი დაუჭირა 494 დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო — 135.
ევროპარლამენტს უკანონოდ მიაჩნია ყირიმის შესვლა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. გარდა ამისა, ევროპარლამენტარების აზრით, უკრაინის კონფლიქტზე პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთს ეკისრება.
ევროპარლამენტის პრეს–სამსახურმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ რეზოლუცია არ არის საკანონმდებლო ხასიათის. ის ლიტველი პარლამენტარის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის მოხსენების საფუძველზეა მომზადებული.
მოხსენება გმობს რუსეთის მიერ ევროკავშირის ოფიციალური პირების მიმართ „შავი სიის“ შემოღებას, რომელშიც ევროპარლამენტის 19 წევრი მოხვდა. „ეს მხოლოდ ევროპარლამენტის მიმართ უპატივცემულობა კი არ არის, არამედ მთელი ევროკავშირის შეურაცხყოფაა, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობას ტრანსპარენტულ და მშვიდობიან დიალოგზე ამყარებს“, — განაცხადა ლანდსბერგისმა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი გამძაფრებისა და რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებების დარღვევის შემთხვევაში, ევროკავშირი კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს დაუწესებს რუსეთს. დოკუმენტში რუსეთის ფედერაცია ასევე გაკრიტიკებულია პოლიტიკური პროპაგანდის მეთოდების გამოყენების, სავაჭრო ზეწოლისა და ენერგეტიკული ომების გამო.
ევროპარლამენტის მიერ მოწონებული მოხსენება მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროკავშირის ქვეყნებს შექმნან მექანიზმი, რომელიც რუსეთის მხრიდან ევროკავშირის პოლიტიკური პარტიებისა და სხვა ორგანიზაციების პოლიტიკური და ტექნიკური მხარდაჭერის თაობაზე „ინფორმაციას შეკრებს, დააკვირდება და გაცვლის“.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მსგავსი მექანიზმი იძლევა არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისა და ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სახელმწიფოთა პოლიტიკურ ცხოვრებასა და საზოგადოებრივ აზრზე რუსეთის გავლენის ხარისხის შეფასების საშუალებას, არამედ ამის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღების შესაძლებლობასაც.
მოხსენება ასევე სთავაზობს ევროკომისიას, შეიმუშაოს ევროკავშირის დირექტივების პროექტი, რომელიც „გარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ სუბიექტებს“ თანამეგობრობის ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას აუკრძალავს.