ადვოკატი: საქართველოს პროკურატურამ „კაბელების საქმეზე“ სარჩელი გაასაიდუმლოვა

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადვოკატებს პრეტენზიები პროკურატურის მიმართ იმასთან დაკავშირებით აქვთ, რომ მან გაასაიდუმლოვა სასაქონლო და საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზების კვლევითი და დასკვნითი ნაწილების, როგორც მტკიცებულების, დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელი.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაასაიდუმლოვა სარჩელი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში მას შემდეგ შევიდა, რაც საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა საქმეზე მტკიცებულებები დაუშვებლად ცნო, განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა. 

ადვოკატებს პრეტენზიები პროკურატურის მიმართ აქვთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მან გაასაიდუმლოა სასაქონლო და საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზების კვლევითი და დასკვნითი ნაწილების, როგორც მტკიცებულების, დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელი.  

„პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ბრალდების მხარის სასაქონლო და საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები, არის აბსოლუტურად კანონიერი. მხოლოდ იმისათვის, რომ ეს არ გახდეს ფართო საზოგადოებისთვის ნათელი, სპეციალისტები და იურისტები არ გაეცნონ ამ დასკვნას, არ გამოთქვან თავიანთი შეხედულებები, პროკურატურამ საკუთარ განჩინებას დაადო გრიფი „საიდუმლო“. ამას, დიდი ალბათობით, შესაძლოა მოჰყვეს ის, რომ გრიფი „საიდუმლო“ სააპელაციო სასამართლოს განჩინებასაც დაედოს“, — განაცხადა ბარათაშვილმა ოთხშაბათს, 10 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნას არ ერთვოდა ინფორმაცია, რომელიც შემოწმების ჩატარების საფუძვლად იქცა. უფრო მეტიც, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომელმა დაარღვია კანონი „სახელმწიფო საიდუმლოს“ შესახებ. 

„აშკარაა, რომ ექსპერტმა კანონდარღვევით მოიპოვა მტკიცებულება, ამის შემდეგ უხეშად დაარღვია კანონი „სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ“ და დოკუმენტები, რომელთაც ედო გრიფი „საიდუმლო“, მესამე პირს (კომპანია დელტა–კომს) გადაუგზავნა. 

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმეზე ძიება, რომელსაც საფუძვლად უწყების ტენდერში მონაწილე კომპანია „დელტა კომის“ წარმომადგენელთა მიმართვა დაედო, 2014 წლის ივნისში დაიწყო. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს 4 მლნ 102 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. კერძოდ, მათ ბრალი ედებათ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბებასა და საკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში. ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელისა და ქსელური აპარატურის შესყიდვის თაობაზე შეთანხმება სამინისტროსა და „სილქნეტს“ შორის 2013 წლის 26  მაისს გაფორმდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო აღნიშნული საქმეზე წინასასამართლო მოსმენებს 2015 წლის 1 აპრილიდან მართავს. სასამართლო პროცესების ნაწილი დახურულია, რამდენადაც საქმე გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს შეიცავს. ადვოკატებს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაპატიმრებიდან ერთი თვის შემდეგ მიეცათ.    


ყველა ახალი ამბავი
0