თბილისში დიდუბის პანთეონი დაიხურა

გამოწერა
გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ პანთეონის ტერიტორიაზე ადგილი პრაქტიკულად აღარ დარჩა. დიდუბის პანთეონში დაკრძალულნი არიან ცნობილი მწერლები, მსახიობები, მეცნიერები და ეროვნული გმირები.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი ოფიციალურად დაიხურა, შესაბამისი გადაწყვეტილება სამშაბათს, 9 ივნისს თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ პანთეონის ტერიტორიაზე ადგილი პრაქტიკულად აღარ დარჩა.

„რამდენიმე თვეა, რაც ახალი პანთეონისთვის შესაფერისი ადგილის შესარჩევად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მსჯელობის შედეგად, კომისიამ ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძრის მიმდებარე ტერიტორია შეარჩია. ვფიქრობ, ახალი პანთეონის თაობაზე გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული”, — განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა. 

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესს თან ახლავს დარგის სპეციალისტებსა და სასულიერო პირებთან, ასევე მოქალაქეებსა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაცია.

დიდუბის პანთეონში დაკრძალულნი არიან ცნობილი მწერლები, მსახიობები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და ეროვნული გმირები – საქართველოს ყოფილი პრემიერი ზურაბ ჟვანია, მსახიობი სოფიკო ჭიაურელი, კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე, მსახიობები რამაზ ჩხიკვაძე, ლია ელიავა, პოეტი გრიგოლ აბაშიძე, მხატვარი ელენე ახვლედიანი, მწერალი ეკატერინე გაბაშვილი, პოეტი ლადო ასათიანი და სხვები.

 


ყველა ახალი ამბავი
0