თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. Pew Research–ის ამასწინანდელმა გამოკითხვამ ცხადყო შემდეგი: ნატოს წევრი ბევრი ქვეყნის მაცხოვრებლები მზად არიან შეელიონ ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ერთ–ერთ ძირითად პრინციპს, რომლის თანახმადაც, ალიანსის ერთ ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა მთელ ბლოკზე, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ „უოლ სთრით ჯორნალზე“ დაყრდნობით.
ცენტრმა Pew Research განიხილა ჰიპოთეტური სიტუაცია, რომლის მიხედვითაც თავდამსხმელი იყო არა რომელიმე აბსტრაქტული ქვეყანა, არამედ რუსეთი. ნატოს წევრი ბევრი ქვეყნის თვალსაზრისით, რუსეთი აგრესიულად იქცევა და შეუძლია თავს დაესხას რომელიმე მეზობელ ქვეყანას.
თავად ვლადიმირ პუტინმა ერთ–ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში, რომელიც იტალიურ გაზეთ „კურიერე დელა სერას“ მისცა, განაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც რუსეთის მხრიდან ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმას წარმოიდგენს, ჯანმრთელი არ არის. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ყველა ქმედება — ეს არის პასუხი მისი მისამართით გამოთქმულ მუქარებზე და ეს პასუხი განსაზღვრული მოცულობისა და მასშტაბისაა.
გამოკითხვის შედეგად გაირკვა: ნატოს ერთ–ერთ წევრზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, ალიანსის მთელ რიგ ქვეყნებში გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა არ ისურვებდა შეიარაღებულ პასუხს ჰიპოთეტურ შეტევაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების მეხუთე მუხლის თანახმად, ვალდებულნი არიან ასე მოიქცნენ.
რუსეთის ნატოს წევრ ქვეყანასთან „სერიოზული სამხედრო კონფლიქტის“ ძალის გზით გადაჭრას ყველაზე მეტად ამერიკელები ემხრობიან: დახლოებით 50% ეთანხმება ამგვარ სცენარს. კანადელების, ბრიტანელებისა და პოლონელების უმეტესობაც მხარს უჭერს ამ გზას.
საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში გამოკითხულთა უმრავლესობა არ ეთანხმება სამხედრო ძალის გამოყენებას ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში. კერძოდ, გერმანიაში ასეთი სცენარის წინააღმდეგ ხმა მისცა გამოკითხულთა 58%–მა.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს რეალური პრობლემაა ნატოს მომავლისთვის. ამასთან, ჩვენ ვხედავთ, რომ გერმანიაში ნატოს მხარდაჭერა ბოლო ორი წლის განმავლობაში 59%–დან 55%–მდე შემცირდა“, — მოჰყავს „უოლ სთრით ჯორნალს“ კვლევის ერთ–ერთი ავტორის, ქეთ სიმონეს ციტატა.
„ეს გამოწვევაა იმ ლიდერებისთვის, რომლებიც ცდილობენ რამენაირად მიჩქმალონ განსხვავება თავიანთ ქვეყნებს შორის. საზოგადოების ერთიან აზრამდე მისაყვანად მათ სერიოზული მუშაობა მოუწევთ“, — ამატებს სიმონე.
„უოლ სთრით ჯორნალმა“ დაასკვნა შემდეგი: მიუხედავად რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის ზრდისა, ხალხის დამოკიდებულება შორსაა ცივი ომისდროინდელი „სამკვდრო–სასიცოცხლო მტრობისგან“.
Pew Research–მა ამავე გამოკითხვის ფარგლებში გაარკვია, ნატოს წევრი რომელი ქვეყნები უჭერენ მხარს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. მოვლენების ამგვარ განვითარებას ყველაზე მეტად მხარს უჭერენ პოლონეთსა (50%) და აშშ–ში (46%), ყველაზე ნაკლებად გერმანიაში (19%).