თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ვილნიუსს არ უნდა კონფრონტაცია მოსკოვთან, მაგრამ ურთიერთობის ნორმალიზებისთვის აუცილებელია გარკვეული პირობების შესრულება, განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" იტყობინება.
„ჩვენ უკანასკნელნი ვართ მათ შორის, ვისაც კონფრონტაცია სურს. ჩვენ ნორმალური ურთიერთობები გვინდა. რუსეთი ჩვენი მეზობელია და აბსოლუტური უგუნურობა იქნებოდა კონფლიქტის სურვილი ამ ქვეყანასთან. მაგრამ ნორმალურ ურთიერთობებთან დაბრუნება გარკვეული პირობების შესრულებაზე უნდა იყოს დაფუძნებული“, — განაცხადა ლინკიავიჩუსმა სოციალ-დემოკრატების ყრილობაზე ვილნიუსში.
მინისტრის თქმით, რუსეთს მუდმივად ჰყავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბაზებზე ათასობით სამხედრო მოსამსახურე. მაშინ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება მათ საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებად თვლის. ლინკიავიჩუსის აზრით, რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2 თვის შემდეგ, ყველაფერი ნორმალურ რიტმში დაბრუნდა. მისი თქმით „რუსეთმა გაკვეთილად მიიღო, ჩვენ კი ეს გაკვეთილები ვერ ავიტანეთ, რადგან რუსეთმა გამოიტანა დასკვნა, რომ ასე შეიძლება“. ლიტველმა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთთან მუდმივი დიალოგი აუცილებელია, მაგრამ უკრაინის მოვლენების გათვალისწინებით, ის მხოლოდ პრაგმატული არ უნდა იყოს.
„ჩვენ არ უნდა გავწყვიტოთ თანამშრომლობის გზები, რათა გადავჭრათ კრიზისული სიტუაციები, მაგრამ უსარგებლო ვიზიტები ფოტოებით უმაღლეს დონეზე, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს კვლავ ჩვეულებრივი თანამშრომლობა ხდება“, — განაცხადა ლინკიავიჩუსმა.
2008 წლის აგვისტოში, საქართველო – სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შემდეგ, სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა თხოვნით მიმართეს რუსეთს, რომ მათი საქართველოსაგან დამოუკიდებლობა ეღიარებინა. მაშინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებას აღიარების შესახებ.
მოსკოვი ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ არსებულ რეალიებს ასახავს და გადახედვას არ ექვემდებარება. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი კიდევ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. რუსეთი ორ რესპუბლიკას ეკონომიკის აღდგენაში დახმარებას უწევს.