თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ქართველ სპოტსმენთა ევროპულ თამაშებზე გაცილების ცერემონია შედგა. 12 ივნისს ბაქოში ისტორიაში პირველი ევროპული თამაშები გაიხსნება. ცერემონიის მსვლელობისას ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიური ფიცი დადეს, რომელიც ქართული გუნდის მედროშემ, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავემ ზურაბ დათუნაშვილმა წაიკითხა.
„ამ ისტორიულ თამაშებში 104 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ავღნიშნავ, რომ ეს ყველაზე დიდი გუნდია მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებლად იღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში. წარმატება მინდა ვუსურვო ყველას და იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი გამოსვლა სიხარულს მოუტანს ქართველ გულშემატკივრებს“,- მიმართა სპორტსმენებს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა.
ქართველ სპორტსმენებს განაცხადი სპორტის 13 სახეობასა და 17 დისციპლინაში აქვთ. ყველაზე მეტი წარმომადგენელი მსუბუქ ათლეტიკაშია — 37 კაცი. მხატვრულ ტანვარჯიშზე, წყალში ხტომასა და კარატეზე განაცხადი თითო ადამიანს აქვს. გუნდის საშუალო ასაკი 23.6 წელია.
პირველი ევროპული თამაშები ბაქოში 12- დან 28 ივნისამდე ჩატარდება. თამაშების ორგანიზატორი ევროპის ოლიმპიური კომიტეტია. მოსალოდნელია რომ ევროპულ თამაშებში მონაწილეობას მიიღებს 7 ათასი სპორტსმენი ევროპის 49 ქვეყნიდან.