თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ სამშაბათს, 9 ივნისს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია.
„როგორ შეიძლება ამ მდგომარეობაში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, როდესაც ქვეყანა შენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და პირიქით, მის დანაწევრებას უწყობს ხელს? მაგრამ ჩვენ ასე ვამბობთ: თუ ამ პრობლემების მოგვარების რეალური პროცესი დაიწყება, თუ სერიოზული წინსვლა, გარღვევა მოხდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული მთავარი პრობლემების გადაჭრის გათვალისწინებით, მაშინ რაღაც ეტაპზე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი შეიძლება დადგეს, მაგრამ ამ მომენტში ეს აბსოლუტურად არარეალურია“, — განაცხადა აბაშიძემ.
2014 წლის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შემაჯამებელი დოკუმენტის და საშუალოვადიანი პერსპექტივის ამოცანების თანახმად, რუსეთი საქართველოსთან მიმართებით გააგრძელებს ორმხრივი ურთიერთობების მოგვარებას იმ სფეროებში, რომლებიც რუსეთის ეროვნულ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა, საქართველოს ხელისუფლების სურვილი, უარი არ თქვას „ოკუპირებული ტერიტორიების“ სტატუსზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, ასევე ქვეყნის კურსი ევროკავშირთან და ნატოსთან მაქსიმალური ინტეგრაციის მიმართულებით, “პერსპექტივაში რუსულ-ქართული კავშირების სრულფასოვანი ნორმალიზებისთვის ბუნებრივ შემაკავებელ ფაქტორებად დარჩება“.