თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. 2015 წლის „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში პირველ პოზიციას იკავებს, მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის კი ის 29-ე ადგილზეა.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მართლმსაჯულების მსოფლიო პროექტი" (World Justice Project) იყენებს 47 ინდიკატორს, რომლებიც 9 ფაქტორის გარშემო ჯგუფდება: კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების), დანაშაულის დონე, სისხლის და სამოქალაქო მართლმსაჯულება.
როგორც იუსტიციის სამინისტროში აღნიშნეს, საქართველოს პოზიცია რეიტინგში წინა წელთან შედარებით 2 ერთეულით გაუმჯობესდა. ის უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: იტალია, რუმინეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უნგრეთი.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს კორუფციის არარსებობის კუთხით აქვს − მსოფლიო რეიტინგში 0.73 ქულით ქვეყანა 22-ე პოზიციას იკავებს.
კანონის უზენაესობის ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია ექსპერტთა და მოქალაქეთა გამოკითხვას ეფუძნება. ამ მიზნით თითოეულ ქვეყანაში 100 000-ზე მეტი რესპონდენტი და ექსპერტი გამოიკითხა. 2015 წლის შედეგების თანახმად, რეიტინგში დანია ლიდერობს, ნორვეგია და შვედეთი კი მე-2 და მე-3 ადგილებს იკავებენ.