თბილისი, 9 ივნისი —Sputnik. საქართველო ერთგულად ასრულებს ნატოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, განაცხადა ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდალმა, გენერალმა ჟან-პოლ პალომეროსმა (Jean-Paul Palomeros), ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის ყოველწლიური კონფერენციის პირველი დღის შედეგებზე საუბრისას.
„საქართველოში ამ კონფერენციის ჩატარება იმაზე მიუთითებს თუ რამხელა პრივილეგიას ანიჭებს ნატო პარტნიორ ქვეყნებს. საქართველო ერთგულად ასრულებს ნატოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, რასაც მოწმობს მისი მონაწილეობა კოსოვოს და შემდეგ ავღანეთის მისიებში“, — განაცხადა პოლომეროსმა.
მან პატივი მიაგო ავღანეთში მისიის შესრულებისას დაღუპულთა ხსოვნას და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა თავდადებისთვის.
„საქართველო აქტიურად არის ჩართული მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში. სწორედ ამიტომ, საქართველოსთან პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ“, — აღნიშნა პალომეროსმა.