კუკავა ხელისუფლებას რკინიგზის აღდგენის საკითხებზე რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდებს

© Бесик Пипияპარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა
პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას აზრით, რკინიგზის აღდგენა პოზიტიურ გავლენას მოახდენს ეკონომიკურ პროცესებზე არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. მოლაპარაკებების დაწყება თბილისს, მოსკოვსა და სოხუმს შორის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის გახსნის საკითხზე პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ რუსული საინფორმაციო სააგენტო  „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ორშაბათს, 8 ივნისს.

მანამდე, მაისის ბოლოს, საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსული კომპანიები დაინტერესებულნი არიან საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანზიტით საქართველოს რკინიგზისა და პორტების გამოყენებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც პრაღაში ივნისის თვის მეორე ნახევარში გაიმართება, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო საკითხების განხილვა მოხდება. 

შეხვედრაში სავარაუდოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას.

„ასეთი კონსულტაციები და მოლაპარაკებები პრინციპულად მისაღებია საქართველოსათვის, ეს საქართველოს ინტერესებშია — დაიწყოს რუსულ-ქართული და აფხაზურ-ქართული დიალოგი რკინიგზასთან დაკავშირებით. ეკონომიკური ინტერესების გარდა, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას საქართველოს პოლიტიკური ინტერესებიც. კონკრეტულად კი ჰუმანიტარული ინტერესები. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი იმისათვის, რომ დავიწყოთ აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებები აფხაზეთში ეთნიკურ უმცირესობებთან და დევნილების სტატუსთან დაკავშირებით. ეს შესაძლოა იყოს კარგი შანსი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და აფხაზურ მხარესთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების პირველი ეტაპისთვის“, — განაცხადა კუკავამ.

პარტიის ლიდერმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას გახსნას „ ოფიციალური პოლიტიკური კონსულტაციები რუსეთთან და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან რკინიგზის, ეთნიკური უმცირესობების და ლტოლვილთა სტატუსის საკითხებთან დაკავშირებით. 

„ეს შესაძლოა გახდეს ძალიან კარგი მიზეზი, რომ აფხაზურ მხარესთან გაიხსნას მოლაპარაკებები სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც. არ უნდა შეგვეშინდეს სხვადასხვა ფორმალური მომენტის. მსოფლიოში ძალიან ბევრი პრეცედენტია, როცა ერთმანეთს შორის მოლაპარაკებებს აწარმოებენ კონფლიქტის ისეთი მხარეები, რომლებიც ერთმანეთს არ აღიარებენ. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ეს პირველ რიგში პრიორიტეტია“, — აღნიშნა კუკავამ. 

მისი თქმით, რკინიგზის აღდგენა პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს არა მარტო საქართველოზე, არამედ მთლიანად რეგიონზე. 

"დასავლეთ საქართველოს დეპრესიული რეგიონებისათვის რკინიგზის აღდგენას დიდი ეკონომიკური ეფექტი ექნება. ეს პირველ რიგში არა მარტო საქართველოს ინტერესებშია, არამედ რუსეთისა და სომხეთისაც. შემდეგში ამ პროექტს შესაძლოა ირანიც შეუერთდეს. ვფიქრობ, აფხაზეთის ხელისუფლებასაც ესმის რომ ეს მისთვისაც უმნიშვნელოვანესი პროექტია. რკინიგზის აღდგენა დაეხმარება აფხაზეთს გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ელიტური ტურისტული ზონა არა მარტო შავი ზღვისპირეთში, არამედ მთელ ევროპაში“, — აღნიშნა კუკავამ.

 საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე ტვირთების გაკონტროლების საკითხის კომენტირებისას კუკავამ განაცხადა, რომ ეს "წმინდა ტექნიკური საკითხია“.

 „ჩვენ უნდა დავაყენოთ ხალხი, მაგალითად შვეიცარული კომპანიის წარმომადგენლები, როგორც ეს იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლებიც ტვირთების მონიტორინგს ჩაატარებენ. მაგრამ მათ არ უნდა ჰქონდეთ არანაირი ამოსაცნობი ნიშანი, რომ არ გაღიზიანდნენ არც ქართველები და არც აფხაზები“, განმარტა კუკავამ.

 პარტიის ლიდერი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს მხარეებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში შესწორებების შეტანას კანონში „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

 „შესწორებები კანონში ძალიან სწრაფად უნდა შევიდეს. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხები პირველ ნომრად უნდა იქცეს პარლამენტისა და მთავრობის დღის წესრიგში. მათ უნდა დაინახონ, რომ საქართველოს განზრახვები რეალურია. იგივე მინდა ვთქვა ხელშეკრულებაზე თავდაუსხმელობის შესახებ. ჩვენ აფხაზებს „მესიჯი“ უნდა გავიგზავნოთ, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო არანაირ ვითარებაში არ აპირებს თავს დაესხას აფხაზეთს“ — განაცხადა კუკავამ. 

 კუკავას თქმით, რკინიგზის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით საქართველომ უნდა „აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა მეზობელთან და გაითვალისწინოს მათი ინტერესები, მაგრამ გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“.

 „თუკი რკინიგზა ხელსაყრელია საქართველოსთვის და წამგებიანი აზერბაიჯანისათვის, ვფიქრობ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება რაც სასარგებლოა საქართველოსათვის“, — აღნიშნა კუკავამ.

 საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ 2008 წლის აგვისტოში გაწყვიტა. დღეისათვის საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი კვლავაც გრძელდება ჟენევის დისკუსიის ჩარჩოებსა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში მიმდინარე რეგულარული შეხვედრების ფარგლებში. შეხვედრის ფორმატი არ ითვალისწინებს პოლიტიკური საკითხების განხილვას, მათზე განიხილება ვაჭრობის, ტრანსპორტის, კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები.


ყველა ახალი ამბავი
0